2018 წლის 21 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში, ლიდერთა სკოლის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში“. დისკუსია, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ (დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის“ (SCOPE) პროგრამა.) ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში “ შედეგებს ასახავდა. ძირითადი აქცენტები მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის დამახასიათებელ როგორც ფიზიკურ ასევე სოციალურ და ემოციურ ფორმებზე გაკეთდა. როგორც მოზარდები აღნიშნავენ ძალადობის ეს ფაქტები ხშირ შემთხვევაში აშკარაა, თუმცა მათზე რეაგირება და ინტერვენცია ძალიან მინიმალური. რადგან პედაგოგებს არ აქვთ ინფორმაცია და გამოცდილება პროცესის მართვის. თუმცა მიმართვიანობა პედაგოგებისადმი და მანდატურებისადმი ბულინგთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ არის საკმაოდ დაბალი. ამის მიზეზად რამდენიმე გარემოება დასახელდა. კერძოდ: ბულინგის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიტანა მასწავლებელთან, მანდატურთან) არ არის საზოგადოების მხრიდან მოწონებული და აღიარებული და სამწუხაროდ „ჩასმენად“ და „ენის მიტანად“ ითვლება და მეორე არანაკლებ საინტერესო გარემოება, მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში, როცა ხდებიან ბულინგის ფაქტის შემსწრენი, ღიზიანდებიან, იწყებენ ყვირილს, აძევებენ მოსწავლეებს გაკვეთილებიდან, მეტიც ზოგ შემთხვევაში ისინი თავად აყენებენ მოსწავლეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. განსაკუთრებული ვნებათაღელვა დამსწრე პედაგოგების მხრიდან სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია. პედაგოგები თვლიან, რომ ბავშვები ხშირად ზედმეტად მწვავედ აღიქვამენ მოვლენებს და მათი მხრიდან გაკეთებული შეფასებები გადაჭარბებულია. მოზარდები კრიტიკულები იყვნენ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მიმართ, საუბარი წარიმართა პოლიციის როლზეც აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში. გამოითქვა მოსაზრება, რომ მანდატური და პოლიცია არ არის ის სანდო რგოლი მოსწავლისათვის, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს მოზარდს. მოსწავლეს არ აქვს იმედი, ამიტომაც ან ჩუმადაა, ან თავად ცდილობს პრობლემის მოგვარებას. საინტერესო გახლდათ სოციალური მუშაკების მოსაზრებები, მათი აზრით, ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. სკოლამ უნდა მოახერხოს, რომ არ მოხდეს ბავშვის გაცნობიერებული და მიზანმიმართული იზოლაცია. დისკუსიის მონაწილე მოზარდებმა, პოზიციების გასამყარებლად კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს, შეახსენეს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს საკუთარი კომპეტენციები, საუბარი წარიმართა ოჯახისა და მშობლის როლზე, რომელიც ასევე სუსტი რგოლია აღნიშნული პრობლემის განხილვის პროცესში. დისკუსიის ბოლოს პედაგოგების, სკოლების დირექტორების, მანდატურების, პოლიციის წარმომადგენლების, სოციალურის მუშაკებისა და მოზარდების მიერ შემუშავდა ერთობლივი რეკომენდაციები. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სკოლამ იმუშაოს შინაგანაწესზე, რათა მასში არსებობდეს პუნქტი ბულინგის შესახებ, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს, ბულინგის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედონ. ასევე, გამოიკვეთა: კლასის დამრიგებლის როლი – აუცილებელია დამრიგებელმა მეტად იმუშაოს მოსწავლეებთან და კლასის საათი დაუთმოს ბულინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ჩატარდეს სესია/ტრენინგი, რომელზედაც მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის შესახებ. სპეციალისტებმა/ ფსიქოლოგებმა მათთან ერთად უნდა განიხილონ კონკრეტული ქეისები, რათა აღნიშნულ ჯგუფებს გაუადვილდეთ ბულინგის იდენტიფიკაცია და გამოვლენა. მანდატურების ჩართულობა პროცესში – მათი მხრიდან შეხვედრების ორგანიზება მშობლებთან, მასწავლებელსა და მოსწავლეებთან, რათა გააცნოს მათ ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს ბულინგის აღმოფხვრისთვის. აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტის დახვეწისა და მომზადების შემდეგ, მოზარდები უზრუნველყოფენ მათ მიწოდებას სკოლის ადმინისტრაციებისადმი და ჩაერთვებიან ლობირების პროცესში.