როგორ შეიქმნა ორგანიზაცია…

1996 წელი…

საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები. ხდება საზოგადოების ახალი ცნობიერების ფორმაცია. საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმები დაწყებულია…

თუმცა შინაარსობრივად არაფერი იცვლება…

რამდენიმე მეგობარი სკოლაში ვმუშაობთ, პედაგოგებად. ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ვკამათობთ…

ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები გვაქეზებენ – მივიღოთ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში…

გვინდა შევცვალოთ გარემო…

ორგანიზაციაც იქმნება…

ორგანიზაციისათვის პირველი მეგობრებიც იკვეთებიან «ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბიდან”, რომლებიც მზად არიან გვასწავლონ დონორებთან ურთიერთობები, საჭირო ახალი უნარ–ჩვევები…

პირველი გულშემატკივრებიც გვაძლევენ რჩევებს…

პირველი დამფინნასებლებიც, ოჯახის წევრების სახით, მზად არიან მხარში დაგვიდგნენ…

ორგანიზაციის პრიორიტეტები მაშინვე იკვეთება:

  • ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება;
  • განათლების სისტემა;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვები.

ფუძნდება მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების ცენტრი, სადაც ინტეგრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებიც.

საქმიანობების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პირველი დონორი ორგანიზაციაც ჩნდება ფონდ „ჰორიზონტის” სახით და პირველი პროექტიც ფინანსდება (948 დოლარი)…

პროექტის ფარგლებში გამოიცემა გაზეთი «საფეხური” (რომელიც დღესაც აქტუალურია)…

2008 წელი…

ორგანიზაცია უკვე 13 წელია არსებობს, მუშაობს, იღწვის, იზრდება და ფართოვდება მისი საქმიანობის სფეროები…

დღეს, გვეძლევა საშუალება თქვენთან ერთად შევაფასოთ მის მიერ განვლილი გზა.

მიღწეული შედეგები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, ვიფიქროთ, რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ გურიის რეგიონის მოზარდი თაობის კულტურულ –ინტელექტუალურ განვითარებასა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაში.

რეგიონის სკოლების პედაგოგებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობით, განათლების რეფორმის მონიტორინგითა და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებით, არაერთი საინფორმაციო სემინარითა თუ სასწავლო ტრენინგით, სკოლებისათვის თვითშეფასებისა და სტრატეგიული უნარ–ჩვევების გამომუშავებით, მონაწილეობა მივიღეთ საგანმანათლებლო სისტემის დახვეწასა და განვითარებაში.

ვიზრუნეთ და ვზრუნავთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ 18 წლამდე სოც. დაუცველ მოზარდთა მდგომარეობა და კეთილდღეობა. ვცდილობთ, დავნერგოთ გურიაში სოციალურად დაუცველ ოჯახთა ევროპაში აპრობირებული დამხმარე და ჩამნაცვლებელი სტანდარტები და მოვარგოთ ის ქართულ რეალობას. ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინკლუზიური განათლების დანერგვას საჯარო სკოლებში.

სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიების (ადვოკატირების) წარმართვით შევქმენით მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის არაერთი პრეცედენტი.

ჩვენმა ორგანიზაციამ და მისმა აღსაზრდელებმა მრავალჯერ შეძლეს დაერწმუნებინათ საზოგადოება თავიანთ შესაძლებლობებსა და გარემოს შეცვლის აუცილებლობაში.

ვცდილობდით, ვყოფილიყავით ეროვნულ და ტრადიციულ ფესვებზე დაფუძნებული, ამასთანავე არ დაგვეკარგა თანამედროვეობის შეგრძნება.

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების აზრი, განსაკუთრებით კი _ მომავალი თაობისა.

როდესაც თვალს ვუსწორებთ ორგანიზაციის წარსულს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ჩვენი სტრატეგიის სისწორეში და ვთვლით _ თითოეული საქმიანობა, რომელიც ორგანიზაციამ განახორციელა, აუცილებელი და შესატყვისი იყო სოციალური თუ პოლიტიკური გარემო პირობებისა.

დღეს, მეგობრებთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ, რომ _ მიუხედავად მრავალი სიძნელისა და წინააღმდეგობებისა, გზა ღირსეულად გავიარეთ და გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.

მადლობას ვუხდით იმ ორგანიზაციებს, გულშემატკივრებს, პარტნიორებს, ყველას, ვისი თანადგომითაც შევძელით სიძნელეების დაძლევა.

თუმცა დასაძლევი და გასაკეთებელი კვლავ ბევრი გვაქვს…

Bombax Theme designed by itx