სიახლეები

„უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებელობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, ორ კოაპლიკანტ ორგანიზაციასთან, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა“ (YPU) და „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან“ (GCDA), ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სამწლიან პროექტს „უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებელობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU) გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში უშუალოდ უხელმძღვანელებს პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, რომელიც გულისხმობს მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების (ECD კლუბები) შექმნას საჯარო სკოლებში, რის მეშვეობითაც რეგიონებში მცხოვრები ბავშვები განივითარებენ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევებს.
ამა წლის 25 ნოემბერს ონლაინ-პლატფორმა zoom-ის გამოყენებით ჩატარდა პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციასთან- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA).
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლება პარტნიორებს გააცნეს ორგანიზაციის შექმნის მოკლე ისტორია, ძირითადი მიმართულებები, არაფორმალური განათლების ფარგლებში ახალგაზრდებთან მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის პრაქტიკა, პროექტის მიზნის მიღწევის ჩვენეული ხედვა და 6 თვის ფარგლებში მოაზრებული და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრაში მონაწილე პირებმა გამოხატეს კეთილგანწყობა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზაობა პროექტის ყველა ეტაპზე. დასასრულს დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის მიზანიც პარტნიორი ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებისა და გამოცდილების გაცნობა იქნება.