სიახლეები

პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია

2019 წლის 19 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიტერატურულ კაფე „რვა+1“ ში გაიმართა ორგანიზაციის პროექტის „მოზარდები საკუთარი უფლებებისთვის!“ შემაჯამებელი პრეზენტაცია ( პროექტი განხორციელდა „სკოლის, პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის“ (SCOPE) პროგრამის ფარგლებში, აშშ საელჩოსა და მოგებაზე არაორიენტირებული კორპორაცია „ჰარმონიის“ ფილიალი საქართველოში მხარდაჭერით).
2018 წლის ნოემბრის თვიდან აღნიშნული პროექტი, მოზარდებსა და პოლიციას შორის პოზიტიური თანამშრომლობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობისა და დანაშაულის შემდგომი პრევენციის მიზნით მიმდინარეოდა. 
პროექტი განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის, დაბა ლაითურის, დაბა ნასაკირალის, სოფ. შრომისა და სოფ ნაგომრის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჯგუფებთან (VII-IX კლ) პარტნიორობით. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ გარემოში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას ემსახურებოდა. პროექტში ჩართული იყვნენ ოზურგეთის პოლიციის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებმაც მოზარდებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს გარემოსდაცვითი, საქველმოქმედო, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით აქციები. 
პრეზენტაციაზე საუბარი წარიმართა პროექტის განხორციელების პროცესში გამოკვეთილ გამოწვევებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში ქმნის ბარიერს და აფერხებს კომუნიკაციის პროცესს.