შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს შეხვდნენ.
მოზარდებმა მათ თემებში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს:
ტრანსპორტის შიდა მიმოსვლის არაადექვატური განრიგი და მოსწავლეებისთვის შეღავათიანი ტარიფების აუცილებლობა;
გარემოსდაცვითი საკითხები და სოფლებში ნაგვის ბუნკერების არარსებობა;
სკოლის ტერიტორიაზე და ქუჩებში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლები;
ნახევრადდანგრეული უფუნქციო შენობები და მასთან დაკავშირებული საფრთხეები.
საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან უსაფრთხო მისასვლელები.
ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შეფასებას სხვადასხვა პერსპექტივიდან ცდილობენ. აღნიშნული საკითხები სხვადასხვა ეტაპზე არა ერთი შეხვედრის და განხილვის თემა იყო. თანმიმდევრული ქმედებები და ღიად დასმული შეკითხვები ააქტიურებს პროცესს, რომელიც იწყება საკითხის დასმით, პრობლემის წამოჭრით და მისი გადაწყევტის გზების ძებით.
აღნიშნული შეხვედრის დროს თითოეული თემის აქტუალობასა და მასზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობაზე მოხდა შეთანხმება, რაც დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიების პოზიტიური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია.