სიახლეები

ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით ახალგაზრდებმა სამაგიდო თამაში „ჩუ“ ითამაშეს

2019 წლის 29 ივნისს, ლიტერატურულ კაფე „რვას+1“-ში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო და დასკვნით ეტაპზე ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით ახალგაზრდებმა სამაგიდო თამაში „ჩუ“ ითამაშეს. 
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ფილმის ჩვენებას, რომლის მთავარი გმირიც ბავშვობიდან ტურეტის სინდრომს ებრძოდა და გამუდმებით ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მას შეუძლია გახდეს კარგი მასწავლებელი მიუხედავად სინდრომისა, რომელიც ნევროლოგიური აშლილობაა და მისი კონტროლი ადამიანს არ შეუძლია. ფილმის დასასრულს ცენტრის წევრებმა ისაუბრეს ფილმის მთავარი, საკვანძო საკითხების შესახებ და ყველა შეთანხმდა ერთ აზრზე, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო. 
მეორე ეტაპი სრულად დაეთმო სოციალურ საწარმო „ჩუს“, რომელიც ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და საინტერესო სამაგიდო თამაშია, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ჟესტების ენა და მომავალში საჭიროებისამებრ გამოიყენონ. 
📍 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.