ადგილმდებარეობა

ხანდაზმულთა სახლი განკუთვნილია საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის მშვიდი და სასიამოვნო სიბერის უზრუნველსაყოფად. სახლის მიზანია ბინადართა საცხოვრებელი გარემოსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
სახლი  2011 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით შეიქმნა.  სარემონტო სამუშაოები და ინვენტარით აღჭურვა იაპონიის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო პროგრამულ დაფინანსებას, სათემო პროგრამის ფარგლებში,  უზრუნველყოფს საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო.
ხანდაზმულთა სახლი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 2.5 კმ-ზე. იგი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც სამეცნიერო დაბა, გამოირჩევა ბუნების სილამაზით, სუფთა ჰაერითა და მყუდრო გარემოთი.
ინფრასტრუქტურა
სახლი გათვლილია 26 ბინადარზე. ოთახებში შესაძლებელია, იცხოვროს ორმა ან  სამმა ადამიანმა. შენობაში შესასვლელი,  ოთახები და სააბაზანოები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირთათვის.
საცხოვრებელი გარემო ყოველი ბინადრისთვის ერთნაირია. მათთვის გამოყოფილია:
• საკუთარი კუთხე (საწოლი, კარადა და ტუმბო);
• ინდივიდუალური სველი წერტილი ყოველ ოთახში.
თანამშრომლები
სახლს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ექიმი.  მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურება ითვალისწინებს სპეციალისტების  მიერ ხანდაზმულის და მისი ოჯახის საჭიროებების შეფასებასა და კონსულტაციას.
გუნდის თითოეულ წევრს შეაქვს წვლილი ხანდაზმულის კეთილდღეობის საქმეში:
სოციალური მუშაკი – ხანდაზმულის, მისი ოჯახისა და გარემოს რესურსების შეფასება/მობილიზება
ფსიქოლოგი – ხანდაზმულის ფსიქოემოციური, სოციალური და ქცევითი მდგომარეობის შეფასება/განვითარება
ოკუპაციური თერაპევტი – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეფასება/განვითარება და ფიზიკური გარემოს ადაპტაცია
ექიმი – ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი
ხანდაზმულთა სახლში მუდმივად იმყოფებიან  მზრუნველები, რომლებსაც ევალებათ სპეციალისტთა გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ხანდაზმულთან მუშაობა და მისი სოციალური გარემოს გაუმჯობესება.
სახლის თანამშრომელთა უმრავლესობას აქვს ექთნის კვალიფიკაცია. პერსონალს  სისტემატურად უტარდება საკვალიფიკაციო ტრენინგები  ბენეფიციართა მომსახურების გასაუმჯობესებლად.
კვება
ხანდაზმულთა სახლს ჰყავს თავისი დიეტოლოგი, რომლის რეკომენდაციების მიხედვით ადგენენ მენიუს, და კვალიფიციური მზარეულები, რომლებიც   ყოველდღიურად ამზადებენ საუზმეს, სადილსა და ვახშამს.
ხანდაზმულების ეს სერვისი გულისხმობს სამჯერად კვებას დღის განმავლობაში, რომელიც მოიცავს:
• ორკომპონენტიან საუზმეს;
• სამკომპონენტიან სადილს;
• ორკომპონენტიან ვახშამს.
კვების რაციონი  შეიცავს ასაკოვანი ადამიანისთვის სასარგებლო ინგრედიენტებსა და ვიტამინებს.  საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით,  ამა თუ იმ ბინადარს აქვს ინდივიდუალური მენიუ.
სადილის მომზადებისას გამოიყენება სახლის ეზოში მოყვანილი მწვანილი და სეზონური ბოსტნეული.
ჰიგიენა და ჯანმრთელობის დაცვა
• საჭიროების შემთხვევაში, სახლი უზრუნველყოფს სეზონის შესაბამის ტანისამოსსა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელ ნივთებს; თითოეული ბინადრისთვის ჰიგიენის აუცილებელი ნორმების დაცვის მეთვალყურეობას  (მზრუნველი ეხმარება ბინადარს ჰიგიენის ნორმების დაცვაში, როცა არსებობს ამის აუცილებლობა);
• შესაძლებელია ექიმის კონსულტაციის ადგილზე მიღება;
• უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარება;
• თითოეული ბინადრისთვის ხელმისაწვდომია პირველადი დახმარების მედიკამენტები;
• საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სტაციონარული მომსახურების მიღება;
•  ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გამოიხატება ყოველდღიურ გამაჯანსაღებელ ვარჯიშში. ვარჯიშები შერჩეულია  ოკუპაციური თერაპევტისა და ექიმის რეკომენდაციით;
•  სახლის ბინადრის კარგი განწყობის უზრუნველყოფისა  და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, სახლში მოქმედებს ფსიქოლოგის სერვისი.  ყოველთვიურად ტარდება  ჯგუფური თერაპია.  ასევე, ხანდაზმულის სურვილის შემთხვევაში, ფსიქოლოგი  უზრუნველყოფს ინდივიდუალურ  კონსულტაციას.
გასართობი აქტივობები

• არსებობს მცირე ბიბლიოთეკა;
• სახლს მიეწოდება ყოველკვირეული პრესა;
• ბინადრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ  ვარდების ბაღის,  ვაზის,  ხეხილისა და ფუტკრის მოვლაში;  დათესონ და მოიყვანონ  მათთთვის სასურველი ბოსტნეული;
• დანერგილია არტთერაპიის მეთოდი, რაც გულისხმობს ხანდაზმულებისთვის პირობების შექმნას, თავისი ხელით გამოძერწონ, აპლიკაციებითა და ბუნებრივი მასალებით გააფორმონ ნივთები;
• ახალგაზრდა მოხალისეების მონაწილეობით ხანდაზმულებისთვის ტარდება სხვადასხვა ტიპის გასართობი საღამოები.
ხანდაზმულთა სახლში მიღება
ხანდაზმულთა სახლში ცხოვრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან,  სხვადასხვა ტიპის დაფინანსების პირობებში.
სრული დაფინანსება სახელმწიფოს მიერ
სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების მიღება შეუძლია ადამიანს, რომელსაც უკვე შეუსრულდა საპენსიო ასაკი, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და დანიშნული აქვს ფულადი დახმარება. შესაბამისად, ოჯახის სარეიტინგო შეფასება არ უნდა აღემატებოდეს  57 000 ქულას.
ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფოს მიერ
სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლია ადამიანს, რომელსაც უკვე შეუსრულდა საპენსიო ასაკი, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფლობს მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პოლისს.
სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივი დაფინანსების მიღების  ორი ვერსია არსებობს:
1. ოჯახის სარეიტინგო შეფასება უნდა იყოს 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე.  ამ შემთხვევაში ბენეფიციარი საკუთარი პენსიიდან იხდის დღეში 3 ლარს, ანუ ყოველთვიურად 90 ლარს.
2. ოჯახის სარეიტინგო შეფასება უნდა იყოს 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე. ამ შემთხვევაში ბენეფიციარი საკუთარი პენსიიდან იხდის დღეში 5 ლარს, ანუ ყოველთვიურად 150 ლარს.
სრული დაფინანსება ბენეფიციარის მიერ
ხანდაზმულთა სახლის სერვისით სარგებლობის საფასური ყოველთვიურად 600 ლარია. ამ თანხის გადახდა მოუწევთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან არ შესრულებიათ  საპენსიო  ასაკი და სურთ, იცხოვრონ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში.
ხანდაზმულთა სახლში მიღების პროცედურა
ხანდაზმულთა სახლში ცხოვრების მსურველებმა უნდა მიმართონ ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს  წარმომადგენლობას განცხადებით, რომლის სპეციალურ გრაფაში მიუთითებენ, რომ აქვთ ანასეულის ხანდაზმულთა  სახლში ცხოვრების სურვილი. განცხადების ფორმა და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ხანდაზმულთა სახლის ბინადრის უფლებები
• ხანდაზმულთა სახლის ბინადარს უნარჩუნდება კუთვნილი პენსია და მისი განკარგვა შეუძლია სურვილისამებრ.
ბინადარს შეუძლია:
• ნებისმიერ დროს,  ადმინისტრაციასთან  შეთანხმებით, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში; დამოუკიდებლად გავიდეს ხანდაზმულთა სახლიდან და დაესწროს ღვთისმსახურებას (თავისი  რელიგიური  აღმსარებლობის შესაბამისად),  კინოჩვენებასა თუ თეატრალურ წარმოდგენას ქ. ოზურგეთში;
• სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან  შეთანხმებით,  დამოუკიდებლად გავიდეს ხანდაზმულთა სახლიდან;
• მონაწილეობა მიიღოს საკვების მომზადების პროცესში;
• ნებისმიერ დროს,  რამდენიმე დღით ესტუმროს ნათესავებს;
• სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან შეთანხმებით,  ნებისმიერ დროს დატოვოს ხანდაზმულთა სახლი და საცხოვრებლად დაბრუნდეს მშობლიურ სახლში ან მიმართოს სხვა სერვისს.
• ხანდაზმულის სურვილის შემთხვევაში,  სახლი უზრუნველყოფს ბიოლოგიურ ოჯახთან  კომუნიკაციას.
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი; ოზურგეთის მუნიციაპლიტეტი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა # 3 ა.
ტელ: +496 27 34 64
მობ: +995 557 60 21 83
e-mail: ypuozurgeti@yahoo.com;

Bombax Theme designed by itx